top of page
Search

კრიპტორეგულაციები საქართველოში

წინ გადადგმული ნაბიჯი თუ დაბრკოლება ბაზრისთვის?


საქართველოში, როგორც სხვა განვითარებად ბაზრებზე, კრიპტო და ვირტუალური აქტივების სექტორი სწრაფად იზრდება და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან როლს იძენს. ეს სფერო უნიკალურ შესაძლებლობებს აჩენს ინოვაციების, ინვესტიციების და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის. თუმცა, სწორედ ამ პოტენციალთან ერთად, ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის მდგრად ზრდას და საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველობას.

 

2023 წელს საქართველოში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ახალი ჩარჩო შექმნა, რომლითაც განისაზღვრა, თუ რა არის ვირტუალური აქტივი და ვის აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება. საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, არასაკმარისი სამართლებრივი გამჭვირვალობა და რეგულაციებით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა  ხელს უშლის ადგილობრივი ბაზრის განვითარებასა და მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

 

რა არის ვირტუალური აქტივი?

 

ვირტუალური აქტივი განიმარტა როგორც ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს, და გამოიყენება ინვესტირების ან გადახდების განხორციელების მიზნით.


რეგულირების ქვეშ ექცევა მხოლოდ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი. მაგალითად, რეგულირებას არ ექვემდებარება გეიმინგ პლატფორმებზე გამოსაყენებელი ტოკენები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული თამაშებისთვის ან პლატფორმებისთვისაა განკუთვნილი და მათი გადაცვლა რეალურ ვალუტაში ან სხვა კრიპტოვალუტაში არ არის შესაძლებელი, ან უჩვეულო და რთულია.

 

ასევე, არაკონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მაგალითია კომპანიების მიერ შემუშავებული ლოიალობის პროგრამების ქულები ან ტოკენები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ქსელში სერვისების ან პროდუქტების შეძენისთვის გამოიყება, მაგრამ მათი გაცვლა სხვა ვალუტებში არ ხდება.

 

ასეთივეა დაბალი მოთხოვნის მქონე NFT-ები. დაბალი მოთხოვნის მქონე NFT-ები ისეთ ციფრულ აქტივებს წარმოადგენს, რომლებსაც ბაზარზე დიდი ღირებულება და მოთხოვნა არ აქვთ და რთულია მათი გაცვლა ფულზე. ამიტომ ასეთი NFT-ები გამორიცხულ იქნა ევროკავშირის კრიპტო აქტივების რეგულაცია MiCA-დანაც და მათი რეგულირება მიენდო თავად სახელმწიფოების შიდა მარეგულირებელ ორგანოებს. 

 

რა ტიპის მომსახურება ითვლება  ვირტუალური აქტივის მომსახურებად?

 

ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შედის ისეთი საქმიანობები, როგორიცაა ვირტუალური აქტივების გაცვლა, მაგალითად, ბიტკოინის დოლარში გადაცვლა, გადაცემა - კრიპტოვალუტის გაგზავნა, აქტივების შენახვა - კრიპტო საფულის უზრუნველყოფა, პორტფელის მართვა - სხვებისთვის კრიპტო ინვესტიციების მართვა, სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება - მაგალითად, კრიპტო ბირჟის მართვა, სესხის გაცემა - კრიპტოვალუტის სესხად გაცემა, და პირველადი შეთავაზებების მხარდაჭერა - ახალი ვირტუალური აქტივების გამოშვება და გაყიდვა.

 

თუ პირი მხოლოდ საკუთარ ინვესტიციებს მართავს, მაგალითად, ბიტკოინს ყიდულობს და ინახავს საკუთარ საფულეში, ის არ ითვლება მომსახურების პროვაიდერად, რადგან მსგავსი საქმიანობა მხოლოდ პირად ინტერესებს ემსახურება და არა სხვა პირებისას.

 

დაბრკოლებები


კანონმდებლობაში გაჩნდა ისეთი შემზღუდავი ჩანაწერებიც, რომლებმაც საქართველო უცხოელი და ადგილობრივი კრიპტო ინვესტორებისთვის არც ისე მიმზიდველი გახადა. მაგალითად, განისაზღვრა, რომ ვირტუალური აქტივი არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, რაც ბიზნესს საშუალებას არ აძლევს მომხმარებლისგან პროდუქტისა თუ მომსახურების სანაცვლოდ პირდაპირ მიიღოს კრიპტოგადახდები. ეს პრობლემურია იმ უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რომელთა ბიზნეს მოდელები სრულიად კრიპტოგადახდებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მათ არ მოსწონთ, რომ საქართველოში ისინი ვერ შეძლებენ დასაქმებულს ხელფასი კრიპტოვალუტით გადაუხადონ. შედარებისთვის, ელ სალვადორში, რომელიც 2021 წელს გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი მიღებულია როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, ინდუსტრია განვითარდა ძალიან სწრაფად და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი იურისდიქციაა კრიპტო ბიზნესისთვის.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ პროვაიდერებს არ აქვთ უფლება განახორციელონ დამატებით ისეთი სხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობა, რომელიც არაა კანონით ჩამოთვლილ საქმიანობებში. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება. ამან პროვაიდერებისთვის შექმნა დაბრკოლება, ეროვნულ ბანკთან წინასწარი და გრძელვადიანი კონსულტაციების გარეშე წამოიწყონ ახალი ბიზნეს მოდელების განვითარება და ბაზარზე ახალი, ინოვაციური კრიპტო პროდუქტებისა და მომსახურებების ტესტირება.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ აქტივი წარმოადგენს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას, ასეთი აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი შეიძლება დაექვემდებაროს ლიცენზირებას/რეგისტრაციას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. თუმცა, ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული ბანკისგან დეტალური ინსტრუქცია, რომელიც დაეხმარებოდა პროვაიდერებს და კრიპტო ბიზნესით დაინტერესებულ ბიზნესებს, გაერკვიათ თუ როგორი ვირტუალური აქტივი შეიძლება დაკვალიფიცირდეს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტად. შესაბამისად, ამ მხრივ არსებობს ბუნდოვანება, რაც ბაზარს კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის უცხოური ინვესტიციებისთვის.

 

მთლიანობაში, თვალსაჩინოა, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი გამჭვირვალობა და ერთიანი სტანდარტები, რაც უცხოელ ინვესტორებს საქართველოში შემოსვლას, ხოლო უკვე არსებულ კრიპტო ბიზნესს საქართველოში ოპერირებას გაუადვილებდა. თუ დახმარება გჭირდებათ, GB and Partners Law Office-ს ჰყავს იურისტები, რომლებიც ამ სფეროში გამოცდილნი არიან. მხარდაჭერისა და რჩევისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@gbplo.com.


ეს სტატია განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას. ინფორმაცია ეფუძნება ავტორის მიერ მოპოვებულ, სტატიის გამოქვეყნების თარიღის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ იურიდიულ პროფესიონალთან, რათა მიიღოთ რჩევა, რომელიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ სიტუაციაზე.

Related Posts

See All

Comentarios


bottom of page